ბერძენმა კოლეგამ ქართველი დეპუტატის მითეთება არ გაითვალისწინა – ქუცნაშვილის განმარტება 

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი იმ დეტალებს განმარტავს, რაც მან პარლამენტის სხდომათა დარბაზში დააფიქსირა და რის გამოც ბერძენ კოლეგასთან უსიამოვნო საუბარი მოუწია. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, დარბაზში ადრე ჩავიდა, პრობლემები შეამჩნია, რაც გამოსწორდა, თუმცა, რუს დეპუტატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბერძენმა კოლეგამ თავად მიიღო.

„ყველა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ორგანიზატორია საერთაშორისო სამდივნო. ჩვენ ვიყავით მასპინძელი ქვეყანა და მასპინძელ ქვეყანაში მე ვარ ამ დელეგაციის ხელმძღვანელი. ძალიან სამწუხაროა და შეფასებაც არ შეიძლება იმ პროცესების, რაც პარლამენტს გარეთ განვითარდა. რაც შეეხება პარლამენტში დაწყებულ პროტესტს, ეს იყო სამართლიანი და ვფიქრობ, მსოფლიომ კიდევ ერთხელ გაიგო, რომ საქართველო ოკუპაციას არასდროს შეეგუება. ამ ყველაფერს, მე ვეუბნებოდი ჩემს მართლმადიდებელ კოლეგებს რომში ასამბლეების გამართვისას, ათენსა და თბილისშიც და ამის თქმას ვაპირებდით ფორუმის ფარგლებშიც, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას. განვითარებული მოვლენებიდან, ჩვენი საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება მთელმა მართლმადიდებლურმა სამყარომ დაინახა“ – განუცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარს“.

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი იმ დეტალებზეც საუბრობს, რაც მან პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისას დაინახა და რიგ გამოც ბერძენ კოლეგასთან მცირე კამათიც მოუვიდა.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს თავისი საერთაშორისო სამდივნო. როცა დილით დავიწყეთ შეკრება, დარბაზში 10 წუთით ადრე ჩავედი, აღმოვაჩინე ორი ფაქტი – ერთი ის, რომ საქართველოს დელეგაციის ბანერი არ იყო სხდომათა დარბაზში, გადაწეული იყო უკანა რიგებში, ხოლო სპიკერატში, ერთი სკამის ნაცვლად, იდგა ორი სკამი. ჩვენს აპარატს ვკითხე, ამის შესახებ. ასევე ავღნიშნე, რომ არ ვართ ორგანიზატორები, მაგრამ ვართ მასპინძელი ქვეყანა და გვეკუთვნის პირველ რიგში ჯდომა. მოვიხმეთ ორგანიზატორები, შევაცვლევინეთ ბანერი და საქართველოს დელეგაცია გადმოვსვით პირველ რიგში. როცა ბერძენ კოლეგას ვკითხე საიდან აღმოჩნდა მეორე სკამი სპიკერატში, მან მითხრა, რომ სხდომას მეც და პრეზიდენტი ერთად წავიყვანთ-ო. მე ვუთხარი, რომ დღის წესრიგის მიხედვით, სხდომა მხოლოდ მას უნდა წაეყვანა და რუსეთის დეპუტატის აქ ჯდომა არ იქნებოდა მართებული და საზოგადოებაც სამართლიანად გაღიზინდებოდა. მისგან კი მივიღე პასუხი, რომ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაცია ვართ და შესაბამისად ჩვენ წესები გვაქვს. პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა სხდომა ერთად უნდა წავიყვანოთ-ო“- განმარტავს დეპუტატი.

როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მან ბერძენ კოლეგას სთხოვა, მარტო გაძღომოდა სხდომას და დღის წესრიგზეც მიუთითა, თუმცა, პროცესები სხვაგვარად წარიმართა.

მსგავსი თემები