რა უთხრა ირაკლი კობახიძემ რუსულ დელეგაციას, რის გამოც, პარლამენტში გავრილოვისგან პროვოკაცია მიიღო

  •  

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა – ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მატარებელი, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის გახსნაზე გააკეთა, სადაც დუმის დეპუტატს, 25 ქვეყნის წინაშე უთხრა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია მათ მიერ და რუსეთს ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან კავშირი არ აქვს.

მისი თქმით, ასამბლეის წევრებს მასპინძლობს ერი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქრისტიანობა ჭეშმარიტ სარწმუნოებად აღიარა და რომელიც რწმენის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად საუკუნეების მანძილზე იბრძოდა და ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს წინაშე მდგარ ყველაზე მტკივნეულ პრობლემაზე – ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქრისტიანული ფასეულობების ერთგულების ფორმალური აღიარება საკმარისი არ არის და ეს რწმენის შესაბამისი ქმედებებით უნდა გამოიხატოს.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მატარებელი, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია. ეს გარემოება შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული ფასეულობების ერთგულების ფორმალური აღიარება საკმარისი არ არის, არამედ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა უპირველეს ყოვლისა, ამ რწმენის შესაბამისი ქმედებით უნდა გამოიხატოს. მიუღებელია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ცდილობენ ძალით წაგართვან საუკუნეების განმავლობაში გადარჩენილი მიწა-წყალი. მეტიც, ოკუპირებულ მიწებზე კლავენ და იტაცებენ ადამიანებს, ბავშვებს ართმევენ მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალებას, ინგრევა ეკლესიები და სახლები, მიზანმიმართულად იშლება ქართული კულტურის, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული კულტურის კვალი. დამეთანხმებით, რომ ყოველივე ამას ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან არაფერი აქვს საერთო”, – მიმართა ასამბლეის წევრებს ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალადობით საქართველოს დაჩოქება არ მოხდება, რადგან ქართველი ხალხის დღევანდელი პოლიტიკური კურსი ჩვენი ისტორიული არჩევანია.

„დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, ჩვენს სახელმწიფოებს შორის კეთილმოსურნე ურთიერთობებიც აღდგება. ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიიდან კარგად ვიცით, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა, რომელსაც ქრისტიანული მორალი უმაგრებს ზურგს, აუცილებლად წარმატებული იქნება. დღეს ქართველი ხალხის ძალისხმევა მიმართულია თავისუფლების განმტკიცებისაკენ, ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისაკენ და ღირსეული, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების გაძლიერებისაკენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში საქართველოს მეგობარი ქვეყნების იმედი აქვს.

„ამ ბრძოლაში ჩვენ მეგობრების იმედი გვაქვს, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებიც ქრისტიანულ ღირებულებებს იზიარებენ და საქართველოს მისწრაფებებს პატივს სცემენ. მინდა მოგიწოდოთ, რომ ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, რომ პარლამენტებს შორის თანამშრომლობამ აღკვეთოს ქვეყნებს შორის აგრესია, სხვისი ტერიტორიის ოკუპაცია, მიწებისა და მოსახლეობის ანექსია და ამით ხელი შევუწყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ჩვენს ხალხებს შორის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები