„საქართველოს ეროვნულ მუზეუმს” თანამშრომლის გათავისუფლების გამო კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან” ქეთევან მაქარაშვილის გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები ავრცელებს“.

„სასამართლომ, ასევე, სრულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ქეთევან მაქარაშვილის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა შრომითი ანაზღაურების გადახდა 2022 წლის 13 აპრილიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლო დავის პერიოდში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაცია განხორციელდა, რის შედეგადაც, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ასისტენტის პოზიცია გაუქმდა.  ამის გამო, ქეთევან მაქარაშვილის სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ მოთხოვნილი იყო კომპენსაცია ერთი წლის შრომის ანაზღაურების ოდენობით. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა და დამსაქმებელს სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ დააკისრა კომპენსაციის გადახდა“- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ქეთევან მაქარაშვილი სსიპ ,,საქართველოს ეროვნული მუზეუმის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ასისტენტის პოზიციას 2020 წლის 10 სექტემბრიდან იკავებდა. 2022 წლის 12 აპრილს მაქარაშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პარალულურად მუზეუმში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი.

 

მსგავსი თემები