ქალაქი სენაკი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, კერძოდ კი სამეგრელოში. ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და კულტურის ცენტრი, რომელიც ქალაქ სენაკს ამშვენებს, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრია.
თეატრის შენობის არქიტექტორია ვახტანგ გოგოლაძე. შენობა ქალაქის ცენტრალურ ადგილს იკავებს და მას სწორკუთხედის ფორმა აქვს. შენობა სამსართულიანია. მაყურებელთა დარბაზი კი განთავსებულია ცენტრალურ ნაწილში.
დარბაზი წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა და 500 მაყურებელზეა გათვლილი. რაც შეეხება მხატვრობას, ვესტიბიულისა და საკონცერტო დარბაზის ჭერი 1980 წელს დიმიტრი ბარქაიამ მოხატა.
დრამატული თეატრის შენობა, მისი შიდა სივრცე, თუ გარე ფასადი იშვიათი და გამორჩეულია. თეატრალური დასი ჯერ კიდევ XIX საუკუნის 80-იან წლენში ჩამოყალიბდა, თუმცა თეატრის შენობის მშენებლობა 1955 წელს დაიწყო და 1959 წელს დასრულდა.
1992-1993 წლების სამოქალაქო და 2008 წლის აგვისტოს ომების დროს ნაგებობა დაზიანდა. მორიგი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს დასრულდა. 1940 წლიდან თეატრს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა.
თეატრი კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია. მის რეაბილიტაციაში 10 მლნ ლარი დაიხარჯა. უმაღლესი სტანდარტებით რეაბილიტირებული თეატრი საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს მასპინძლობს.