მთავარი პროკურორი ყველა კითხვას პასუხობს და  მოკლულის მამას ხვალ  პირადად შეხვდება

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძისა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის შეხვედრა, ადვოკატთან ერთად ხვალ მთავარ პროკურატურაში გაიმართება. ირაკლი შოთაძემ არსებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად მოკლულის მამასთან შეხვედრის მზაობა დღეს დაადასტურა და აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძეს გამოძიების მიმართ არაერთი კითხვა და ეჭვი აქვს.

მისი ინფორმაციით, მისი შვილის მკვლელობაში, დაკავებულების გარდა, სხვა პირიც ფიგურირებს.  საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით კი ამ ეტაპზე არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომელიც  ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებულების გარდა, დანა სხვა პირმაც გამოიყენა.

“მიმდინარეობს არსებითი განხილვა. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვნახოთ სასამართლო რა ფაქტებს მიიღებს, რა ფაქტებს ცნობს დასაშვებად. ამ განაჩენის მიღების შემდგომ, ჩვენ შესაძლებელია ჩავატაროთ შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმეში არც ერთი მტკიცებულება მოიპოვება, რომ ამ ორი ადამიანის გარდა, ვინმემ დანა გამოიყენა. არის არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდებულების მხრიდან შესაძლო მკვლელობა. ეს მტკიცებულებები არის მოწმეების ჩვენებები, მკვლელობის იარაღები. ეს არის უტყუარი მტკიცებულებები”, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძემ, მირზა სუბელიანზეც ისაუბრა, რომელიც ზაზა სარალიძის აზრით, დანაშაულის დაფარვას ცდილობს. როგორც შოთაძემ აღნიშნა, დანაშაულის დაფარვის საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მირზა სუბელიანის მიერ, სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენას უკავშირდება.  დანაშაულის დაფარვის მიმართულებით შსს-მ სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა. 

“მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი მიცემულია პასუხისგებაში. ეს პროცესი ბოლოშია გასული და იმედი გვაქვს დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. რაც შეეხება დანაშაულის დაფარვას, ამ მიმართულებით შს სამინისტრომ სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა. ჩატარებული არის ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. დანაშაულის დაფარვის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 5 პირის მიმართ, რაზეც ინფორმირებულია საზოგადოება და დაზარალებულები. არც ერთი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მირზა სუბელიანის მიერ სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით”, – განაცხადა შოთაძემ. 

მთავარი პროკურორის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ვიდეო პროკურატურის ამოღებულია: „ერთ-ერთი მტკიცებულება, რაც საფუძვლად დაედო ამ 5 პირის ბრალს, სწორედ ეს ვიდეოჩანაწერია. შესაბამისად, ამ ვიდეოჩანაწერის საზოგადოებისთვის მიწოდება, რომ თითქოს ეს რამე ახალია და გამოძიება და პროკურატურა ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ, არის სიცრუე. ადვოკატებმა იციან ამ ვიდეომასალის შესახებ, ეს მასალებია გაცვლილია, ყველა მხარეს, ვისაც უნდა ჰქონოდა ეს მტკიცებულება, აქვს.”

მოკლული მამას აინტერესებს, პროკურატურისგან რა პასუხებს მიიღებს იმ ეჭვებთან დაკავშირებით, რაც საქმის მასალებიდან გამომდინარე მას გააჩნია. ერთ-ერთი კითხვა კი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსან მირზა სუბელიანს უკავშირდება. ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მან პასუხი ზუსტად იმ დანაშაულისთვის უნდა აგოს, რა დანაშაულისთვისაც მისი ქვისლი თენგიზ კალანდია დააკავეს. „რომ არის კიდევ ერთი პირი, რომელიც მონაწილეობდა კონფლიქტში და არის დაჭრილი. თუმცა არ არის დადგენილი, როგორ, რა ვითარებაში და რითია დაჭრილი“ – აცხადებს სარალიძე.

 

მსგავსი თემები