,,უკრაინა მხოლოდ თავდაცვით ომს აწარმოებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთის ტერიტორიების ოკუპაციით. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, კურსკის ოლქში უკრაინის მოქმედებები საჭიროა, რომ რუსეთი სამართლიანი მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს.

„უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსული ტერიტორიების ოკუპაციით. ეს ცხადია. რადგან უკრაინა მხოლოდ თავდაცვით ომს აწარმოებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. თუმცა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოტენციურ მოლაპარაკებებზე – ხაზს ვუსვამ პოტენციურს – ჩვენ მოგვიწევს რუსეთის დასმა მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენს პირობებზე. ჩვენ საერთოდ არ ვაპირებთ ხვეწნას: „გთხოვთ, დასხედით მოლაპარაკებებზე“. ამის ნაცვლად, გვაქვს იძულების გამოცდილი, ეფექტიანი საშუალებები. ეკონომიკურ და დიპლომატიურთან ერთად, ეს არის ასევე სამხედრო ინსტრუმენტი. რუსეთს მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხი უნდა მივაყენოთ. კურსკის რეგიონში ჩვენ ნათლად ვხედავთ, როგორ გამოიყენება ობიექტურად სამხედრო ინსტრუმენტი რუსეთის დასარწმუნებლად, ჩაერთოს სამართლიანი მოლაპარაკებების პროცესში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში და არა ტრადიციულ რუსულ პროპაგანდასა და კაპიტულაციის შანტაჟში“, – წერს პოდოლიაკი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი, ამისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევს რუსეთის შიგნით საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას, რომელმაც შეცვლა დაიწყო მას შემდეგ, რაც საბრძოლო მოქმედებებმა რუსეთის ტერიტორიის შიგნით გადაინაცვლა.

„ფაქტია, რომ ბოლო პერიოდამდე აგრესორი ქვეყნის მოქალაქეები, ზოგადად, გულგრილები იყვნენ საბრძოლო მოქმედებების მიმართ, რადგან ეს უკრაინაში ხდებოდა. როდესაც ომი მათ ტერიტორიაზე მოვიდა, რუსებს აშკარად შეეშინდათ. ისინი შოკირებულნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ კურსკის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს ტელევიზიის ეთერში უწოდებენ „სასაზღვრო რაიონში არსებულ სიტუაციას“, ოჯახებმა და მეგობრებმა ჩურჩული დაიწყეს ფრონტზე არსებულ რეალურ მდგომარეობაზე. ნეგატიური ცვლილებები რუსეთის მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იქნება კიდევ ერთი არგუმენტი მოლაპარაკებების დასაწყებად“, – წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები