სიმპტომები, რომლებიც „მაიმუნის ყვავილს“ ახასიათებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ვირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს. ინფექციამ აფრიკაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იფეთქა. ,,მაიმუნის ყვავილმა” 13 ქვეყანა მოიცვა.

,,დამახასიათებელი სიმპტომი არის მაღალი ცხელება და ძალიან უცნაური გამონაყარი, რომელიც ფიქსირდება ხელის გულებსა და ფეხის გულებზე. გადამდებია, ეს არის ზოონოზური ინფექცია, ძირითადად გადამდებია ცხოველებისგან და ასევე დაბინძურებული ცხოველის, ან ადამიანის სითხე, ყველანაირი გამონაყოფი ეს იქნება ნერწყვი, სპერმა, შარდი და ა.შ. ძირითადად, გადადის ძალიან მჭიდრო კონტაქტით. შესაძლოა შევხვდეთ ოჯახის შემთხვევებსაც, ამიტომ პირველი, რაც არის აუცილებელი დისტანცირება და ცოტა მეტი თავდაცვა,“ – აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი.

ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველოს მოსახლეობას საგანგაშო და სანერვიულო არაფერი აქვს.

,,მაიმუნის ყვავილი ჯერჯერობით არ გაცილებულა აფრიკის ფარგლებს, ამიტომ ჯანმო-ს ეს გადაწყვეტილება, უფრო მეტად, პრევენციულია მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის, ვიდრე რეალურ საშიშროებას ასახავს, თუნდაც საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უბრალოდ ნიშანი იმისა, რომ მსოფლიოს გარკვეულ რეგიონში ასეთი სერიოზული პრობლემა გამოჩნდა.

მაიმუნის ყვავილზე საუბარი 2023 წელსაც იყო, როდესაც პირველად დაფიქსირდა მისი შემთხვევები. დღევანდელი პრობლემა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რადიკალურად არ განსხვავდება იმ მდგომარეობისგან, რომელიც იყო 2 წლის წინ.

ასე რომ, აქ საგანგაშო და სანერვიულო საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არაფერი არ აქვს,“ – აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

მსგავსი თემები