ახალი სასწავლო წლიდან თბილისს, 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. 11-დან ცხრა შენობაში, ახალი ბაგა-ბაღი განთავსდება, ხოლო ორი გაფართოვდება და აქამდე არსებულ ბაგა-ბაღებს კორპუსების სახით შეემატება. ახალი შენობების გახსნით, სკოლამდელი განათლების მიღებას დამატებით 3000-მდე აღსაზრდელი შეძლებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბაგა-ბაღების შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით პრობლემები არსებობს, რაც უნდა მოწესრიგდეს. რამდენიმე ბაღში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სასწავლო პროცესი შეწყდა, რათა გაუთვალისწინებელი პრობლემა თავიდან ყოფილიყო აცილებული. ასეთი შენობების რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.
მისივე ინფორმაციით, იგეგმება 12 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. ხოლო რამდენიმე შენობას კი დემონტაჟი სჭირდება და პროექტები თავიდან უნდა განხორციელდეს.
” ეს სამუშაოებიც წელს დაიწყება. რა თქმა უნდა, ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება. ბავშვებმა სკოლამდელი განათლება უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში უნდა მიიღონ, რისთვისაც თბილისის მერია მაქსიმუმს გააკეთებს”, – აცხადებს კახა კალაძე.