გაერთიანებული სამეფოს ახალი ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი იქნება

გაერთიანებული სამეფოს ახალი ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი იქნება. მან დღეს მინისტრ დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

,,მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე, რომლის ქვაკუთხედსაც წარმოადგენს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ და რომელიც მოიცავს პოლიტიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორის ურთიერთობების ფართო სპექტრს. ამასთან, მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.

თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი დარჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდამჭერად.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები