ზუგდიდში, ხანძარს გადარჩენილი ბავშვები საავადმყოფოში რჩებიან

ზუგდიდში, გასულ ღამეს გაჩენილი ხანძრის შედეგად ორ მოზარდს მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა. ორივე მათგანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

,,მომხდარი ინციდენტის შედეგად სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ღამის საათებში, შემოყვანილი იქნა ორი მოზარდი, რომლებიც მოთავსდნენ გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით იყვნენ შემოყვანილნი. ორივეს გაეწია შესაბამისი პირველადი დახმარება. ორივე მათგანის მდგომარეობა, ამ წუთისთვის არის დამაკმაყოფილებელი. ჯერ-ჯერობით რჩებიან კლინიკაში დაკვირვების მიზნით. დამწვრობის ნიშნები არ აღენიშნებათ კანზე. მოზარდები არიან რვა-ათი წლის ბავშვები”, – ამბობს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი.

ტრაგედია ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე მდებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე დატრიალდა. ბინაში გაჩენილ ხანძარს 6 წლის ტყუპი ძმები ემსხვერპლნენ. დაღუპულ ბავშვებს უკვე ჩაუტარდათ ექსპერტიზა. შემთხვევის ადგილზე, ამ დრომდე, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურმა სააგენტომ ისინი დედას დაუბრუნა.

ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, არ ჰქონდათ ელექტროენერგია, რის გამოც სანთელი ენთოთ, სავარაუდოდ სწორედ ამან გამოიწვია საცხოვრებელში ძლიერი ცეცხლი.

მსგავსი თემები