“არ ვარ საქართველოში და არ მქონდა მყისიერად რეაგირების საშუალება” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ბაქოდან, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

ირაკლი კობახიძეს განცხადებით, ის, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა მიუღებელია. მისი თქმით, ინფორმაციის მიღებისთანავე, მან, სესიის შეჩერება მოითხოვა. 

„რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20  პროცენტი  და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი პარლამენტის წევრი იჯდა თავმჯდომარის სკამზე,  რაც იყო მძიმე სანახავი, მძიმე სურათი. სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში , შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არ დაშვებაკიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა,  რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როცა ვმონაწილეობდი სესიის გახსნაში და იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის  ფედერაციიდან, არა აქვს არანაირი საერთო არც ქრისტიანობასთან და არც მართლმადიდებლობასთან და ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის საორგანიზაციო საკითხებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შესაბამის ფორმატში განიხილება ყველა საორგანიზაციო საკითხი.

მსგავსი თემები