დონეცკის ქალაქ კოსტიანტინივკაში სუპერმარკეტზე თავდასხმას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკაში სუპერმარკეტს დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ზოგიერთი ადამიანი ნანგრევების ქვეშ რჩება ,,ამ ტერორზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება,” – წერს ზელენსკი.

თავდაპირველად დონეცკის ოლქის გუბერნატორმა ვადიმ ფალაშკინმა განაცხადა, რომ ქალაქი თავდასხმის ქვეშ მოექცა. მოგვიანებით კი თქვა, რომ მას რუსული Kh-38 რაკეტა ჩამოვარდა. ადგილობრივი გამოცემის, Novosti Donbassa-ს გავრცელებულ კადრებში ცეცხლმოკიდებული “ეკომარკეტის” შენობა ჩანს. ასევე დაზიანდა უმსხვილესი საფოსტო სამსახურის Nova Poshta-ს სატვირთო განყოფილება, რომელიც სავაჭრო ცენტრში მდებარეობდა. კომპანიამ დაზიანებული ამანათების კომპენსაციის პირობა დადო.

გუბერნატორ ვადიმ ფალაშკინის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმამ ასევე დააზიანა 4 სახლი, 9 მაღაზია, ავტოსამრეცხაო და 12 მანქანა. თავდასხმის ზუსტი შედეგები ამ დრომდე დგინდება.

,,კოსტიანტინივკაში სუპერმარკეტზე თავდასხმა რუსული ტერორის კიდევ ერთი შემთხვევაა. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომი არის ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ” – განაცხადა პრეზიდენტის ოფისის უფროსმა ანდრეი ერმაკმა.

მსგავსი თემები