ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს კარვების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ქალაქ ხან იუნისში კარვების დაბომბვას ხუთი ადამიანი, მათ შორის დედა-შვილი ემსხვერპლა. ხან იუნისში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, საერთო ჯამში, 18 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის არმიამ ასევე დაბომბა არაბული ანკლავის ცენტრალური და სამხრეთ რაიონები და ქალაქი დეირ ელ-ბალაჰი. გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 27 ადამიანი ემსხვერპლა.
მოსალოდნელი მასშტაბური ოპერაციის დაწყებამდე ისრაელელმა სამხედროებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს და დევნილ პალესტინელებს ბეიტ ჰანუნისა და ბეიტ ლაჰიას რაიონების დატოვებისკენ მოუწოდეს.