საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც საქართველო 26 წელი ელოდა, ოპოზიციამ ჩაშალა

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს, პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ და საერთაშორისო ფორმუ ჩაშალეს.

ისინი ამ ფორმით სესიაში რუსეთის დუმის დეპუტატების, მათ შორის ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის მონაწილეობას და მის მიერ სხდომის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან წაყვანას აპროტესტებენ.

დეპუტატები ელენე ხოშტარია, გიორგი კანდელაკი და სერგო რატიანი პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილ მაგიდასთან მივიდნენ, საიდანაც გავრილოვი სესიას უძღვებოდა.

მათი განცხადებით, რუსეთი ოკუპანტია და ოკუპანტი სხდომას არ უნდა უძღვებოდეს.  

„ის აქ არ დაჯდება“, – აცხადებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები და გავრილოვს სხდომის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. სესიაზე ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული და დარბაზში გავრილოვი არ იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა დაიკავა.

დეპუტატები ზაქარია ქუცნაშვილი და ადა მარშანია „ევროპული საქართველოს“ წევრებს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მარშანიასა და ხოშტარიას შორის დაპირისპირებაც მოხდა.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში, მასპინძელ ქვეყანაში 4 კონტინენტიდან 25 ქვეყნის დელეგაცია შეიკრიბა. ასამბლეის არსებობდან 26-ე წელს კი, მასპინძლობა საქართველომ მოიპოვა.

მსგავსი თემები