ელექტროავტობუსების იმპორტი თუ ადგილობრივი წარმოება – თბილისის მერიის ინიციატივა პარლამენტს 


თბილისის მერია გამოდის ინიციატივით, ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი და ადგილობრივი მიწოდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს და შესაბამისი წინადადებით საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ასეთი ინიციატივა ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების წილის ზრდას, როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ასევე, ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად.

“ეს ჩვენი მხრიდან ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში ამ საკითხს განიხილავენ და დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – განაცხადა კახა კალაძემ. ​

​მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკა დედაქალაქის ამჟამინდელი მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

ელექტროავტობუსების საქართველოში წარმოებას გეგმავს კომპანია „ფრეგობასი“, გერმანულ კომპანია EURABUS -თან და ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-თან ერთად, სადაც 300-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

​როგორც “მთავარს” კომპანია “ფრეგობასის” დირექტორმა, მურმან პატარაიამ განუცხადა, საქართველოში აწყობილი ელექტროავტობუსი ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს და 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა იქნება, რაც გარემოს დაბინძურების მაჩვენებლების მნიშვნელოვან შემცირებას უწყობს ხელს.

პირველი ელექტროავტობუსი თბილისის ქუჩებში 9 მაისს გამოჩნდა და 2 კვირის განმავლობაში სატესტო რეჟიმში, სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავა.

“ტესტირების მიზანი, ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით,  ელექტოავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამოცდაა. რაც შეეხება ავტობუსების აწყობას, ამასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი”, – აცხადებს მურმან პატარაია.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, თანამედროვე მსოფლიო ელექტროტრანსპორტზე  გადადის და ამ მიმართულებით, გამონაკლისი არც თბილისი იქნება.

“განვითარებული ქვეყნები 2023 წლიდან ელექტროავტობუსებზე გადასვლას აპირებენ. ზოგადად, ეს მიმართულება თანამედროვე მსოფლიოში თანდათან იხვეწება, უფრო საინტერესო ხდება და გამონაკლისი ჩვენც არ ვიქნებით. მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც ეს მიმართულება უფრო განვითარდება, ელექტროავტობუსებს აუცილებლად შემოვიყვანთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია „ფრეგობასმა“ გუშინ, სათნოების სახლ “კათარზისის” ბენეფიციარებს ელექტრო ავტობუსით ე.წ. „თბილისის ტური“ მოუწყო და სადილად უმასპინძლა. ტურის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებმა ხანდაზმულებს დეტალურად გააცნეს ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონცეფცია და პროექტის სამომავლო გეგმები. ​

ელექტროავტობუსით იმგზავრეს ასევე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. “ქალაქის ტურის” ფარგლებში, ახალგაზრდებმა კომპანიის წარმომადგენლებისგან მოისმინეს, თუ რა დადებითი მხარეები აქვს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს და რამხელა მნიშვნელობა აქვს მსოფლიოსთვის და თბილისისთვის მის არსებობას.

მსგავსი თემები