აგვისტოს ომის გმირები

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

შინდისის შეტაკების ნაწილია ნათლიისაა და ნათლულის ისტორია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოეს.

2008 წლის აგვისტოს ომს ასზე მეტი გმირი ჰყავს

მათი ნაწილი, თვეობით დაკარგულად მიიჩნეოდა, მათ შორის იყო 24 წლის გიორგი ანწუხელიძეც, რომელიც 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვალოდ დაკარგულად ითვლებოდა. უმცროსი სერჟანტი, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთს ტყვედ ჩაუვარდა, წამების შემდეგ კი ცხინვალში, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. რუსმა ჯარისკაცებმა წამების დროს ტელეფონით ვიდეო გადაიღეს, მას მიწაზე კოცნა ზურგში ფეხის რტყმითა და დამცირებით მოსთხოვეს. ამის ამსახველი კადრები 2009 წლის იანვარში გავრცელდა.

გიორგი ანწუხელიძის იდენტიფიცირება ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ, დნმ-ის ანალიზით მოხდა.

გმირებს შორისაა შმაგი სოფრომაძე –  24 წლის ჯარისკაცი, რომელიც ოსებს ტყვედ ჩუვარდათ. მას საქართველოს დროშის შეურაცხყოფა მოსთხოვეს – უარი მიიღეს. 24 წლის ჯარისკაცს ხელებზე შეატყვეს, რომ ტანკისტი იყო და დახვრიტეს.

შმაგი სოფრომაძეს და გიორგი ანწუხელიძეს 2-2 შვილი დარჩათ.

,,ანა და ლევან ანწუხელიძეები რუსეთის წინააღმდეგ” – ამ სახელით გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2010 წლის 8 აპრილს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ მომზადებული სარჩელი.

დიდება გმირებს!

მსგავსი თემები