ვაშლიჯვარში მიწის გასკდომასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ ვაშლიჯვრის დასახლებაში, ბროწეულის ქუჩაზე მიმდინარე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია. მათივე ცნობით, მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, აღნიშნული პროცესისგან საფრთხე არ ემუქრებათ.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში სამშენებლო მოედნის მიმდებარედ გეოდინამიკური პირობები ადგილზე შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში ვაშლიჯვრის დასახლებაში (ბროწეულის ქ. 5) სამშენებლო მოედნის არეალში და მის მიმდებარედ ძველმეწყრულ ფერდობზე პროცესები გააქტიურდა. სპეციალისტების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია.

სამშენებლო კომპანიის დაკვეთით მიმდინარეობს დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური (გეოტექნიკური) კვლევები, რომლის საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად. რაც შეეხება მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, აღნიშნული პროცესისგან საფრთხე არ ემუქრებათ” – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები