,,უფრო მეტად და გაბედულად არღვევს კონსტიტუციას, ვინაიდან აქვს პირდაპირი ჯავშანი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან” – პაპუაშვილი ზურაბიშვილზე

,,ის ჩართულია პირდაპირ წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა ეს მისთვის უჩვეულო ნაბიჯი არ არის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხცადა.

მას მედიის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას უკავშირდებოდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი უდიერად ეპყრობა კონსტიტუციას და ეს არავისთვისაა ახალი.

„ჩვენ, უპირველეს ყოვლისა გავურბივართ იმას, რომ ვინმეს ხელი შევუწყოთ კონსტიტუციის დარღვევაში. რასაც აკეთებს ქალბატონი სალომე, ეს არის კვლავ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. ის ჩართულია პირდაპირ წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა თუმცა, ეს მისთვის უჩვეულო ნაბიჯი არ არის. ჩვენ შეჩვეულები ვართ იმას, რომ ზოგადად, ის უდიერად ეპყრობა საქართველოს კონსტიტუციას. მან გუშინ განაცხადა, რომ არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმაციას. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ ამ პოზიციაზე გვყავს ადამიანი, რომელიც არ აღიარებს სახელმწიფოს.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, როდესაც იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობდა, რამდენად ჩართული იყვნენ უცხოელი აქტორები, რომ არ განხორციელებულიყო იმპიჩმენტი ქალბატონი სალომესი. პირდაპირ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის მქონე პირები, დიპლომატები, პოლიტიკოსები პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ საქართველოს პარლამენტზე, რომ იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაეჭირათ.

ვნახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის წყალობით ეს იმპიჩმენტი არ შედგა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეინარჩუნა სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზე. დეპოლარიზაციას მისგან ნაკლებად ვხედავთ. პირიქით, უფრო მეტად და გაბედულად არღვევს კონსტიტუციას, ვინაიდან აქვს პირდაპირი ჯავშანი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები