,,ხელისუფლებას პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნაცვლად, დემოკრატიის საფუძვლები რომ აინტერესებდეს, დემოკრატიის ფესტივალზე მონაწილეობაზე უარს არ იტყოდნენ” – თინა ბოკუჩავა

,,საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნაცვლად, რომ დემოკრატიის საფუძვლები აინტერესებდეს, რაც დგას მოქალაქეებთან პირად და პირდაპირ ურთიერთობებზე, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დემოკრატიის ფესტივალზე მონაწილეობაზე უარს არ იტყოდნენ”, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ჟურნალისტის კითხვას დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, გადაამოწმა ინფორმაცია დემოკრატიის ფესტივალის ორგანიზატორთან და მათ დაუდასტურეს, რომ პირადი მიწვევა გაეგზავნა ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს მონაწილეობისთვის.

„ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა არაერთხელ მქონდა გამომდინარე მაღალი სახელისუფლებო ინტერესიდან, რომელიც საფუძვლად უდევს სახელისუფლებო პროპაგანდას დემოკრატიის ფესტივალის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ დემოკრატიულ ფესტივალზე.

იქ გამოვთქვი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელისუფლებო პარტიაც დემოკრატიის ფესტივალზე იქნებოდა დაპატიჟებული. ამის შემდეგ, მე გადავამოწმე კონკრეტულად იმ ორგანიზაციასთან, რომელიც არის დემოკრატიის ფესტივალის ორგანიზატორი და მათ დამიდასტურეს, რომ პირადი მოწვევა გაეგზავნა ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიამაც მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიის ფესტივალში, რომელიც ემსახურება მოქალაქეებისთვის პოლიტიკური პარტიების პროგრამების გაცნობას იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან.

შესაბამისად, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილის პარტიის წევრებს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნაცვლად, რომ აინტერესებდეთ დემოკრატიის საფუძვლები, რაც დგას მოქალაქეებთან პირად და პირდაპირ ურთიერთობებზე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარს არ იტყოდნენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები