,,ის რაც ჩვენ გვეგონა უანგარო გვერდში დგომა, აღმოჩნდა რომ ეს არის საკუთარი პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტი” – შალვა პაპუაშვილი

,,ძალიან სამწუხაროა, ჩვენ რასაც ვხედავთ ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან. ეს აჩვენებს, რომ ვიღაცისთვის დახმარება არის ზეწოლის ინსტრუმენტი. ის რაც ჩვენ გვეგონა უანგარო გვერდში დგომა, აღმოჩნდა რომ ეს არის საკუთარი პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტი და იმ მომენტში, როდესაც რაღაც არ მოეწონათ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებში და მიმართულებაში, ეს ინსტრუმენტი აამოქმედეს, როგორც ზეწოლის მექანიზმი. მეგობრობა და დახმარება ასე არ მუშაობს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს იმ ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ავსებს. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ბიზნესი და საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენ ვართ ლიდერები ეკონომიკური ზრდით და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ გვაქვს 29 მილიარდიანი ბიუჯეტი, რომლის ნახევარი პროცენტიც არ არის უცხოური გრანტები. საუბარი თუნდაც ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც 8 მილიარდ ლარამდე აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 2 მილიონზე საუბარი და ამის ყოველ მეორე დღეს ახალ–ახალი ინფორმაციის წამოწევა იმისთვის, რომ დამატებითი მღელვარება იყოს საზოგადოებაში ვფიქრობ, არ არის სწორი მიდგომა.

საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს იმ ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ავსებს. ვისაც უნდოდა, რომ თანაზიარი ყოფილიყო სხვადასხვა განვითარებების და მათ შორის საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, ერთობლივი პროექტების განხორციელებით ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ამას. ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც მეგობრობისთვის გამოწვდილ ხელს, მაგრამ როდესაც ეს ხდება შანტაჟის და ზეწოლის ინსტრუმენტი ქართველ ხალხზე, ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი მიდგომა.

რაც შეეხება 95 მილიონს, მე პირადად დღემდე ვერ გავარკვიე რა თანხაზე საუბარი. ეს არ არის ბიუჯეტის თანხა, ბიუჯეტის მიღმა რა თანხას ხარჯავდნენ სხვადასხვა ამერიკული პროგრამები ეს არის პრობლემა. გაუმჭვირვალობა ზუსტად ამაშია. 95 მილიონზე არის საუბარია, რომელზეც მთელი საქართველო ვმარჩიელობთ ერთი კვირაა და არ ვიცით რაზეა საუბარი. რამდენადაც ვნახე აშშ–ს საელჩოსაც არ ჰქონდა ამაზე პასუხი. ეს თუ არ არის გაუმჭვირვალობა, მაშინ რაღაა. ეს არის დასტური იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს „გამჭვირვალობის კანონი.“ ის გრანტები, რომელიც საქართველოს ბიუჯეტში არის მიმართული, ყველაფერი გამჭვირვალეა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბიუჯეტის მიღმა რასაც ხარჯავენ უცხოელები, კი ვხედავთ სხვადასხვა ფესტივალების მეშვეობით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები