,,გვახსოვს 2008 წლის აგვისტო” – ბერლინში, 10 აგვისტოს, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართებაგ

გერმანიაში, ბერლინში, 10 აგვისტოს, 14:00 საათზე ბრანდენბურგის კარიბჭესთან, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორი მოძრაობა ,,გზაა”. აქტივისტების ცნობით, ამ დემონსტრაციით სურთ კიდევ ერთხელ გააჟღერონ ანტიიმპერიალისტური ხმა ევროპაში და მხარი დაუჭირონ რუსეთის მიერ ჩაგრულ სხვა ხალხებს.

,,10 აგვისტოს, 14 საათზე, ბრანდენბურგის კარიბჭესთან იმართება საპროტესტო აქცია რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. 2008 წლის აგვისტოს ომიდან, როდესაც რუსეთი 7 აგვისტოს თავს დაესხა საქართველოს, 16 წელი სრულდება.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, განსაკუთრებით, პუტინის ძალაუფლებაში მოსვლიდან მოყოლებული, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს მისი მეზობელი ქვეყნებისთვის, მით უფრო, პოსტსაბჭოთა ქვეყნების დემოკრატიული განვითარების გზაზე და, ამ მხრივ, არ ერიდება მათ საშინაო საქმეებში სამხედრო გზით ჩარევასაც კი.

ამ დემონსტრაციით გვსურს, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ანტიიმპერიალისტური ხმა ევროპაში და მხარი დავუჭიროთ რუსეთის მიერ ჩაგრულ სხვა ხალხებს. ასევე, გვსურს შევახსენოთ ევროპულ საზოგადოებას, რომ რუსეთის დამპყრობლური ომი საქართველოსა და უკრაინაში არ არის მხოლოდ ლოკალური პრობლემა, არამედ მზარდი საფრთხეა მთელი მსოფლიოსათვის.

ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ახლა, ისე, როგორც არასდროს, რუსული აგრესიისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება საქართველოს სწრაფი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.

მოდი აქციაზე, ერთად გავაპროტესტოთ რუსული აგრესია! დიდება გმირებს!”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები