„ილია იყო კარგი მოსწავლე, ბრწყინვალე გონების პატრონი და ძალიან ნიჭიერი“ – რას ამბობს ილია სულამანიძის მასწავლებელი

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტები 4 აგვისტოს, გვიან ღამით, საქართველოში დაბრუნდნენ. მათ აეროპორტში უამრავი გახარებული გულშემატკივარი დახვდა.

როგორც აღმოჩნდა, ოლიმპიადაზე გაემგზავრა ტყიბულის 1-ელი საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი ლელა ქურციკიძეც, რომელიც ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი ძუდოისტის, ილია სულამანიძის მასწავლებელია. მან ილიას დანაპირები შეუსრულა და მოსწავლის ასპარეზობას დაესწრო.

„პრინციპულად ოლიმპიურ ოქროს ველოდი, მისი შესაძლებლობიდან და შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე. ჰოდა, ახლა ახალი პირობა და „მოთხოვნა” მაქვს ოლიმპიურ ოქროს შემდეგ ოლიმპიადაზე პირადად „ჩავიბარებ“, ლოს-ანჯელესში.

ილია იყო კარგი მოსწავლე, ბრწყინვალე გონების პატრონი და ძალიან ნიჭიერი. თვითონ ერთ ინტერვიუში თქვა, არცთუ ისე კარგი მოსწავლე ვიყავიო და მე გადავირიე, ეს როგორ თქვა-მეთქი. ბოლო წლებში მეტ დროს უთმობდა სპორტს. უაღრესად ზრდილობიანია, არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი. ეს პირობა ილიას მეათე კლასში მივეცი, რომ პარიზში დარბაზიდან ვუგულშემატკივრებდი, თორემ ყველა შეხვედრას ვნახულობ კომპიუტერში.

გზა ტყიბულიდან პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთად გავიარეთ. მთელი სკოლა და პედაგოგები ერთგულად ვგულშემატკივრობთ ჩვენს საამაყო მოსწავლეს“, – ამბობს ლელა ქურციკიძე edu.aris.ge-სთან ინტერვიუში.

მსგავსი თემები