“ეს სრულიად დამოკიდებულია არჩევნებზე”- პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრიანებაზე

„ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული, შეჩერება არის არჩევნებამდე“ – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს სრულად დამოკიდებულია არჩევნებზე.

„ევროკავშირში გაწევრიანებაარის მთელი ჩვენი დღევანდელი და მთელი საზოგადოების ამოცანაა. ეს სრულიად დამოკიდებულია არჩევნებზე. ყველა გველოდება. ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული, არ არის სამუდამოდ გაყინული ან გადახედილი. ეს შეჩერება არის შეჩერება არჩევნებამდე, რომ ყველამ დაინახოს, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ნების გამოხატვის შემდეგ, ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება, თუკი ეს ნება გამოიხატება იმ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. ეს პარტიები იღებენ ამ მხრივ ვალდებულებას, პარლამენტში ვინც შევა და როგორც შევა იმ ძალით, რომ შეასრულონ ქარტია, მიიღონ ეს კანონმდებლობა, გააუქმონ ის ანტიევროპული კანონმდებლობები, რაც ბოლო პერიოდში მიიღეს, სიმბოლურად, ყველაზე მნიშვნელოვანი „რუსული კანონი“. ამით დაუდასტურონ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ დავუბრუნდეთ ევროპის გზას“- განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქარტიის შესრულებისთანავე საქართველოს პოზიციებს დაიცავს.

„მე ვიძლევი პირობას, რომ ამ ქარტიის შესრულებისთანავე, როგორც კი დაიწყება ამ ქარტიის შესრულება, ვიქნები და ვივლი იმ ევროპაში, რასაც მიკრძალავდნენ. ვეღარ ამიკრძალავს ვერავინ იმას, რომ საქართველოს პოზიციები დავიცვა. ჩვენ ვართ ღირსი, აღგვიდგინონ ყველა პირობა, რაც აქამდე არსებობდა და დავუბრუნდეთ იმ გზას ისე, რომ დიდად არ დავაგვიანოთ და არ ვიყოთ ჩამორჩენილი არც ჩვენი უკრაინელი, მოლდოველი პარტნიორების და არც სხვების მიმართ. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ჩვენ ძალიან დიდი გზა გვაქვს გავლილი მანამდე, რომელიც გვაძლევს იმის უფლებას, რომ გვქონდეს პრეტენზია, დავუბრუნდეთ აჩქარებული ტემპით იმ გზას, რომელიც ჩვენი არის. ეს ჩვენს ამომრჩეველზე არის დამოკიდებული“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები