პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ორი ადამიანი დააკავა

შს სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 2 ადამიანი დააკავეს. დაკავებულია, 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ი., მეტსახელად „ჯავა“ ხოლო, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ყ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ც.მ.-მ ერთ-ერთი ონლაინკაზინოს მეშვეობით დიდი რაოდენობით თანხა მოიგო, რაც ცნობილი გახდა ბრალდებულებისთვის. გ.ი.-მ და ნ.ყ.-მ, მატერიალური სარგებლის მიღებისა და ,,ქურდულ სამყაროში“ ძალაუფლების განმტკიცების მიზნით განიზრახეს ც.მ.-სთვის ,,ქურდული გარჩევა“ მოეწყოთ, რომელსაც ესწრებოდა მისი ნათესავი რ.ა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა გ.ი.-მ საქმეში ჩართო „კანონიერ ქურდი“ დ.ე. და ,,ქურდული გარჩევის“ შედეგად ც.მ.-ს, განსაზღვრულ დროში 5000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც შემდგომ რ.ა.-მ გადაიხადა“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები