კასპის რაიონის სოფელ ეზატში 70 წლის ჟუჟუნა ოთიაშვილი რამდენიმე დღის წინ სასტიკად სცემეს. შემთხვევა მეზობლის სახლში მოხდა, სადაც ქალი მოხუცის მომვლელად მუშაობდა. როგორც ჟუჟუნა ოთიაშვილი ყვება, სახლის მეპატრონე ჯერ ხელ-ფეხით, შემდეგ კი ბლაგვი საგნით გაუსწორდა. დამსაქმებელი საკუთარ მეზობელს ოთხი წლის განმავლობაში გადახდილი ხელფასის უკან დაბრუნებას სთხოვდა, მიზეზად კი არასათანადოდ მუშაობას ასახელებდა.
„გამეტებით მირტყამდა თავის არეში-ყველგან. წამაქცია და ფეხით გამისწორდა. თავის ტკივილები მაქვს. მაშინებდა სახლის გადაწვით, მაშანტაჟებდა“- ამბობს დაზარალებული.
მომხდარის შესახებ პოლიციას, სავარაუდოდ, ადგილობრივებმა აცნობეს. ძალადობის, გამოძალვისა და იძულების ბრალდებით სამართალდამცველებმა დამსაქმებელი, 63 წლის ნაირა ჩიტაშვილი დააკავეს.