“იმედი მაქვს, ჩემს წვლილს შევიტან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობაში”- ბრიტანეთის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში

ბრიტანეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა გარეტ უორდმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ქართულ ენაზე მიმართავს. როგორც ელჩი ამბობს, საქართველოში ჩამოსვლამდე  ბოდლის ბიბლიოთეკას ესტუმრა, სადაც უორდროპისეულ კოლექციაში მე-17 საუკუნის ვეფხისტყაოსნის ორი ხელნაწერი ინახება.

„მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გარეტი, დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში. მალე დავიკავებ ჩემს თანამდებობას თბილისში, მაგრამ ახლა ვიმყოფები ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკასთან ახლოს, სადაც ინახება საქართველოს გარეთ ყველაზე დიდი ხელნაწერთა კოლექცია. ამ კოლექციამ მოახდინა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება. აქ ვნახე ორი ხელნაწერი. ეს არის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ეგზემპლარი და წავიკითხე ამ პოემის ინგლისური თარგმანი, ეს არის საოცარი ეგზემპლარი. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს ისტორია და კულტურა აერთიანებს და იმედი მაქვს, ჩემს წვლილს შევიტან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობაში“- აღნიშნა გარეტ უორდმა.

მსგავსი თემები