პალესტინელი პატიმრის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები დააკავეს

პალესტინელი პატიმრის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ისრაელის სამხედრო პოლიციამ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები დააკავა. ეჭვმიტანილები სამხედრო გამომძიებლებმა დაკითხეს და მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პატიმრობაში.

სამხრეთ ისრაელში, ქალაქ ბერშებასთან, სდე თეიმანის ციხეზე თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა ღაზაში დაკავებულების წინააღმდეგ სერიოზული ძალადობის შესახებ ცნობები.

პალესტინელი პატიმრის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია ცხრა ჯარისკაცი. ძალადობის შედეგად პალესტინელი პატიმარი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ჯარისკაცების დაკავების შემდეგ, ისრაელის ულტრა-მემარჯვენე დემონსტრანტები ჯარისკაცების მხარდასაჭერად სამხედრო ბაზაზე შეიჭრნენ.

ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ სდე თეიმანში შეჭრა არის „უკიდურესად სერიოზული და კანონის საწინააღმდეგო“.

„ჩვენ ომის შუაგულში ვართ და ამ ტიპის ქმედებები საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებას. მე მკაცრად ვგმობ ინციდენტს და ჩვენ ვმუშაობთ ბაზაზე წესრიგის აღსადგენად“, – განაცხადა ისრაელელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჯარისკაცების ქცევის გამოძიება უნდა გაგრძელდეს და „სიბრაზის დროსაც კი, კანონი ვრცელდება ყველას მიმართ“.

მსგავსი თემები