„მე რომ ვიყო, გუნდს მოვეთათბირებოდი“ – დავით სერგეენკო პრემერის მრჩევლად ინიშნება

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკო სამუშაოდ მთავრობის კანცელარიაში გადადი. ის, ჯანდაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩეველი იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ დადასტურებისგან თავს იკავებენ თუმცა, პირად საუბარში აცხადებენ რომ ეს ასეა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრის, მირიან წიკლაურის განცხადებით, რომელიც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა, დავით სერგეენკო საუკეთესო მინისტრია.

„სერგეენკოს მუშაობა შემიძლია შევაფასო მხოლოდ და მხოლოდ დადებითად. ის საუკეთესო მინისტრია. მან სისტემაში მნიშვნელოვანი გარდაქმნები მოახდინა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს არაერთი პროგრამა გამართულად მუშაობს. დანარჩენს, ალბათ, პრემიერ-მინისტრი იტყვის. მე რომ ვიყო, გუნდსაც დავეკითხებოდი“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი კი მინისტრის შეცვლის მიზეზებზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია.

„ვერ გეტყვით, რა მიზეზები შეიძლება იყოს. მე ნაკლებად ვუშვებ, რომ გადაყენებაზე იყოს საუბარი. ალბათ, უფრო, პრემიერ-მინისტრის სამდივნოს უნდა ვთხოვოთ ამ ინფორმაციის გავრცელება თუ აქამდე მივიდა საქმე. ჩვენი კონსტიტუციით, მინისტრების თანამდებობიდან განთავისუფლება და გარკვეული ნაწილის გამწესება წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის ექსკლუზივს. პარლამენტი ერევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გარკვეულ რაოდენობას გადააჭარბებს წასული ან განთავისუფლებული მინისტრების რაოდენობა. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრია მთავარი. მაგრამ, მე რომ ვიყო პრემიერ-მინისტრი, მოვეთათბირებოდი ამის თაობაზე ჩემი მთავრობის კაბინეტის სხვა წევრებსაც. რა თქმა უნდა, საბოლოო სიტყვა პრემიერზეა. მაგრამ ჩემი შეხედულებით ჯერ თათბირობს და მერე იღებს გადაწყვეტილებას“ – განაცხადა ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

https://mcm.ge/%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9D/

მსგავსი თემები