ვენესუელაში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

ვენესუელაში უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებდნენ არჩევნების შედეგებს. ვენესუელის დედაქალაქში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ გაიმარჯვა.

ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს მადუროს გამარჯვებას და ამბობს, რომ მისმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა ხმების 73,2% მოიპოვა. არჩევნების წინ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა კონკურენტის აშკარა გამარჯვება.

ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ გონსალესის კანდიდატურის გარშემო, რათა შეეცვალათ პრეზიდენტი მადურო, რომელიც 11 წელია ხელისუფლებაშია. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამო დიდია უკმაყოფილება.

დასავლეთისა და ლათინური ამერიკის არაერთმა ქვეყანამ, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანოებმა, მათ შორის გაერო, მოუწოდეს ვენესუელის ხელისუფლებას, გამოაქვეყნონ ხმის მიცემის ჩანაწერები ცალკეულ საარჩევნო უბნებზე. არგენტინამ არ აღიარა მადუროს გამარჯვება.

პოლიცია, ტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლი მოძრაობდა კარაკასის ქუჩებში, რათა დაეშალა დემონსტრანტები და თავიდან ეცილებინათ ხალხის მიახლოება პრეზიდენტის სასახლესთან. შეკრებილები სკანდირებდნენ – “თავისუფლება, თავისუფლება!” და ხელისუფლების გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.

ზოგიერთ რაიონში პრეზიდენტ მადუროს პლაკატები ჩამოხეს და დაწვეს, ცეცხლი წაუკიდეს ნაგავს, საბურავებს, მანქანებს. დაპირისპირება იყო შეიარაღებულ პოლიციელებს, სამხედროებს, მემარცხენეებს და მომიტინგეებს შორის.

მსგავსი თემები