“რისთვისაც ვიბრძვი ის მე არ შემხვდება”- მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა

პარიზის 33-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის შემდეგ, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა. მას გულშემატკივრები და ოჯახის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ. სანდრო ბაზაძემ ჩატარებული ასპარეზობა მედიასთან შეაჯამა და მსაჯის მხრიდან არასამართლიან მიდგომებზე ისაუბრა.

„12 წელია სპორტსმენი ვარ, იმისთვის რომ მსაჯებმა წამაგებინონ. სამწუხაროა, არაუშავს, თურმე ხდება ასეთი რაღაცეები სპორტში. რაც არ უნდა გავასაჩივრო (გააკეთებენ ამას აუცილებლად) სამწუხარო ის არის, რომ რისთვისაც ვიბრძვი ის მე არ შემხვდება (მედალი).რთულია, მიჭირს ამის გადატანა“- განაცხადა სანდრო ბაზაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხმლით ასპარეზობაში ქართველი სანდრო ბაზაძე 1/8-ფინალში, მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით, ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივრის წერილი გაგზავნა. როგორც ფედერაციაში განაცხადეს, სანდრო ბაზაძე სავარაუდოდ მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა.

 

მსგავსი თემები