„გერმანიაში ამერიკული რაკეტების განლაგების შემთხვევაში, მოსკოვი “მიიღებს სარკისებრ ზომებს” – პუტინი

ვლადიმერ პუტინი გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში ახალი რაკეტების განლაგებით იმუქრება. შესაბამისი განცხადებები რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში, რუსეთი ევროპაში საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების განლაგებაზე “ცალმხრივ მორატორიუმზე” იტყვის უარს.

პუტინის განცხადებით, გერმანიაში “ტომაჰავკების” განლაგების შემთხვევაში, მათი მოქმედების რადიუსში “აღმოჩნდება მნიშვნელოვანი რუსული სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის ობიექტები, ჩვენი ადმინისტრაციულ-სამრეწველო ცენტრები და თავდაცვითი ინფრასტრუქტურა.”

“აშშ-ის მიერ მსგავსი გეგმების რეალიზების შემთხვევაში ჩვენ საშუალო და ახლო მანძილის დარტყმითი საშუალებების განლაგებაზე აღებული ცალმხრივი მორატორიუმისგან თავისუფლად ჩავთვლით საკუთარ თავს, მათ შორის ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო ჯარების შესაძლებლობების ამაღლებას,” – განაცხადა პუტინმა.

მისი განცხადებით, რუსეთში უკვე თითქმის დაასრულეს საშუალო და ახლო მანძილის “რიგი სისტემების” შემუშავება, და მოსკოვი “მიიღებს სარკისებრ ზომებს მათ განლაგებაზე აშშ-ის, ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში მათი სატელიტების ქმედებების გათვალისწინებით.”

 

მსგავსი თემები