„უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი“ – ორბანი

„უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა, თუმცა ის ვერ გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი“,- განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

ორბანის განცხადებით, უკრაინა რუსეთს წარმატებითა და უპრეცედენტო ძალით წინააღმდეგობას უწევს.

„უკრაინის ძალამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა“, –აღნიშნა ორბანმა.

როგორც უნგრეთის პრემიერი აცხადებს, უკრაინამ შეძლო საკუთარი მოწოდებისა და არსებობისთვის ახალი მნიშვნელობის პოვნა, რადგან აქამდე მათ ჰქონდათ უმწეობის განცდა და საკუთარ თავებს შეჯახების ადგილად აღიქვამდნენ.

„ახლა გაჩნდა პერსპექტივა დასავლეთს ეკუთვნოდნენ, ეს გახდა ახალი მისია, რომელიც საკუთარ თავს დაუწესეს, მათ სურთ დასავლეთისთვის ახალი აღმოსავლეთ საზღვარი გახდნენ“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ვერ გახდება, რადგან, მისი თქმით, ევროპას ამისთვის ფული არ ეყოფა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, უკრაინა დაუბრუნდება ბუფერული სახელმწიფოს როლს აშშ-სა და რუსეთის მხრიდან გარანტიებით. რაც შეეხება ევროკავშირს, ორბანის განცხადებით, ის არა როგორც პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური პროექტი უნდა გაძლიერდეს.

მსგავსი თემები