პროდუქტების ძირითადი დამაბინძურებელი წყალი და სასუქებია – სარისკო პროდუქტების ჩამონათვალი

  •  

კიტრი, პომიდორი, ყაბაყი, ბადრიჯანი, წიწაკა – ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომლის მოხმარებაც შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სარისკო იყოს. ძირითადად, იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანის ჯანმრთელობა ფერმერის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

„არასწორად მოყვანილი საკვები პროდუქტი სარისკოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების ძირითადი დამაბინძურებული არის სარწყავი წყალი და პესტიციდები. ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენა. დაბინძურებული საკვების მიღება არაერთი დაავადების მაპროვოცირებელია, მათ შორის კიბოს უჯრედების“ – აღნიშნა გაეროს ექსპერტმა, ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი შეფასებით, საშიშია ღია გრუნტში მოყვანილი ყველა პროდუქტი. მთავარი შეცდომა კი, რომელსაც ფერმერები უშვებენ, შხამ-ქიმიკატების გადაჭარბებული და არასწორი მოხმარებაა.

„ძირითადად, როდესაც ღია გრუნტში მოყვანილ სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე ვსაუბრობთ, ყველა სასოფლო სამეურნეო პროდუქცია, რომელსაც მოკლე მწიფობის პერიოდი აქვს, სარისკოა. მაგალითად, კიტრი, პამიდორი, ბადრიჯანი, რომელიც 60 დღეზე ნაკლები პერიოდი აქვს, როდესაც შეიძლება მწიფე პროდუქცია მიიღო. ხშირად, ფერმერები იყენებენ ამ დროს ჰერბიციდს, რომელიც გადადის პროდუქტში. თუ პროდუქტის მოკრება 60 დღეზე ადრე მოხდა, ეს პროდუქტი, ხმარებისთვის უკვე სარისკოა“ – განაცხადა ეკოლოგმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, დიდ მარკეტებში პროდუქცია მოწმდება და ნაკლები შანსია, დაბინძურებული იყოს, თუმცა, ღია ბაზრებზე კონტროლი არ ხდება და რთულია დაადგინო, რა წარმომავლობისაა ესა თუ ის პროდუქცია.

მსგავსი თემები