“რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერა ეშმაკთან გარიგების ტოლფასია” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერა ეშმაკთან გარიგების ტოლფასი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ასოშიეთიდ პრესი“ წერს.

პოდოლიაკის განცხადებით, შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მხოლოდ დროს მისცემს, გააძლიეროს არმია და დაიწყოს ახალი, ამ ომში პოტენციურად უფრო ძალადობრივი თავი.

„თუ გსურთ, ეშმაკთან გარიგების დადება, რომელიც შემდეგ ჯოჯოხეთში ჩაგითრევთ, მაშინ გააკეთეთ ეს. ასეთია რუსეთი“, – განაცხადა პოდოლიაკმა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივაზე კითხვის საპასუხოდ.

მისი შეფასებით, რუსეთთან რამე შეთანხმებაზე ხელის მოწერა ნიშნავს ბილეთის გამოწერას ომის გაგრძელებაზე.

„თუ დღეს რუსეთთან, რომელიც არ დამარცხდება ომში და არ იქნება სამართლებრივად პასუხისმგებელი მასობრივ დანაშაულებზე, რამეზე მოაწერთ ხელს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გამოიწერთ ბილეთს ამ ომის გაგრძელებაზე სხვა მასშტაბით, სხვა მოქმედი პირებით, მოკლული და ნაწამები ადამიანების განსხვავებული რაოდენობით“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ გადაავადებს უფრო დიდი მასშტაბის ძალადობას.

„დიახ, ამან, შესაძლოა, გაყინოს კონფლიქტი გარკვეული დროით. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი იმუშავებს თავის შეცდომებზე და განაახლებს საკუთარ არმიას. აგრესორი ქვეყანა არ მოსულა უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად. ეს სისულელეა“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები