ინტერნეტ თაღლითობისთვის 21 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომელიც მომხმარებლებს თაღლითურად თანხას სძალავდა. მან მთლიანობაში, 8 000 ლარი მიითვისა.   

როგორც შსს-დან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ.ი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

„დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2018 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, 20-მდე მომხმარებლის ყალბი „ფეისბუქ“-გვერდი შექმნა და მათ მეგობრებს, თაღლითური გზით, „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფული ჩაარიცხინა. ბრალდებული ჯამში 8 000 ლარის ოდენობის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა“ – აცხადებენ უწყებაში.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათები ამოიღეს, რომელთა გამოყენებითაც გ.ი. სოციალურ ქსელში თანხის თაღლითურად მისაკუთრებას და შემდგომ მის განაღდებას ახერხებდა.

გამოძიება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები