იტალიის პრემიერ-მინისტრი 26 ივლისს ჩინეთს ეწვევა

იტალიის პრემიერ-მინისტრი 26 ივლისს ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრება. პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ ეს ჯორჯია მელონის პირველი ვიზიტი იქნება ჩინეთში. „როიტერის“  ინფორმაციით,  ვიზიტის მიზანია ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება.

მელონის ვიზიტის პარალელურად, პეკინში გაიმართება იტალია-ჩინეთის ბიზნესფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნებიან იტალიური კომპანიები, როგორებიცაა საბურავების მწარმოებელი Pirelli, ენერგოკომპანია ENI, თავდაცვითი კომპანია Leonardo, ღვინის მწარმოებლები, ასევე რამდენიმე იტალიური მოდის ბრენდი, მათ შორის Dolce & Gabbana.

ფორუმის ერთ-ერთი პანელი ავტოწარმოების სექტორს დაეთმობა. როგორც მოსალოდნელია, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებებს ვაჭრობისა და ინდუსტრიის სფეროში. „როგორც „როიტერი“ წერს, ასევე მოსალოდნელია, რომ მელონი დააყენებს ჩინეთის ჭარბი წარმოებისა და უკრაინაში მიმდინარე ომში ჩინეთის მიერ რუსეთისადმი მხარდაჭერის საკითხებს.

ჯორჯია მელონის ვიზიტი ჩინეთში 31 ივლისამდე გაგრძელდება.

 

მსგავსი თემები