„ერთი წლის თავზე, ჩვენ გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგი –  კონსენსუსით მომზადებული  ხარისხიანი დოკუმენტი“ – ირაკლი კობახიძე

  •  

„რეფორმა არ არის მხოლოდ კანონმდებლობის ცვლილება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკაშიც დაინერგოს ის სიახლეები, რომელიც იქნება ჩადებული ამ ახალ კანონში, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში წარმართული სამუშაო პროცესი კიდევ ერთხელ შეაჯამა და მომზადებული ფინალური კანონპროექტის შესახებ ისაუბრა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„რაც შეეხება კანონმდებლობას, აქ დისკუსია წარმატებით დასრულდა და მიღწეულია ფართო კონსენსუსი, ეს შემიძლია, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ეს, ბუნებრივია, მუდმივი პროცესია, ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება 2012 წელთან შედარებით, სასამართლო სისტემაში, თუმცა, გამოწვევები რჩება და საჭიროა მუშაობა, საჭიროა, მათ შორის, იმ კანონის ცხოვრებაში გატარება, რომელსაც ახლა მივიღებთ. რეფორმა არ არის მხოლოდ კანონმდებლობის ცვლილება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკაშიც დაინერგოს ის სიახლეები, რომელიც იქნება ჩადებული ამ ახალ კანონში, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ. რაც შეეხება თვითონ კანონმდებლობის ცვლილებას, აქ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით არის მიღწეული ფართო კონსენსუსი. ბუნებრივია, იყო გარკვეული საკითხები, რაზეც ერთი მოსაზრება ჰქონდათ, დავუშვათ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანუ, პოზიციები იყო სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, განსხვავებული, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და  რაღაცეები დარჩა ასეთი სახით, თუმცა, მთავარი არის ის, რომ ძალიან ფართო კონსენსუსი გვაქვს  საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.  

როგორც  ირაკლი კობახიძის განაცხადა, ერთი წლის თავზე მიღწეული შედეგით ის ძალიან კმაყოფილია: „ ერთი წელი მოვანდომეთ ამ პროცესს, ეს მოითხოვდა დროს, ენერგიას, ძალისხმევას, ნერვებს, თუმცა, როგორც ჩანს, ღირდა ამის გაკეთება, იმიტომ, რომ  ერთი წლის თავზე ჩვენ გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგი – კერძოდ, ფართო კონსენსუსით მომზადებული ძალიან ხარისხიანი დოკუმენტი.“

მსგავსი თემები