„საერთოდ არ მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილი“- ფოთის საკრებულოს წევრი სუს-ში გამოკითხეს

„ვინც ამზადებს ამ ტერორისტულ აქტს, ის დაიბარონ, მე რა შუაში ვარ. კითხვები იყო, ზურაბ ადეიშვილს ვიცნობ თუ არა“ – ამის შესახებ სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ფოთის საკრებულოს წევრმა ლაშა რუხაიამ განაცხადა.

რუხაია ამბობს, რომ  „უაზრო კითხვები“ დაუსვეს.

„როგორც ტელეკომპანია „იმედზე” განაცხადეს, თითქოს, ბატონ  ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ასევე გადატრიალებაო. მე პირადად, საერთოდ არ მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილი. გადატრიალების მუხლებზე, მსოფლიო ჩემპიონატზე მგონია თავი, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მიბარებს სუს-ი. რაღაც უაზრო კითხვები იყო, რომელ წელს ვიყავი უკრაინაში და რატომ დამაჯილდოვეს. გეგმავდით რამეს, გაგიგიათ რამე თუ არაო – არაფერი გამიგია. ჩემს ქვეყანაში არაფერს ვაპირებ და თუ გადატრიალებას დავაპირებ, დავაპირებ რუსეთში, ჩემს მტერთან. მკითხეს, ვიღაცებს იცნობ თუ არაო, ზოგიერთს ინტერნეტით ვიცნობ. ყოფილი მთავრობის წევრებზე გვარები იყო, მაგრამ ბევრ რაღაცას ვერ გეტყვით”- განაცხადა რუხაიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

მსგავსი თემები