უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ რუსულ საბორნე გემზე თავდასხმა მათი სპეცოპერაცია იყო

“კავკაზის” პორტში, რუსულ საბორნე გემზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების სპეცოპერაცია იყო.  ინფორმაციას უწყება თავადვე ადასტურებს. შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უკრაინის საზღვაო ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მტრის ბორანს „სლავიანინს“ პორტ „კავკაზში“.

„ოკუპანტებმა ეს ბორანი გამოიყენეს სამხედრო მიზნებისთვის სარკინიგზო ვაგონების, ძრავიანი მანქანებისა და კონტეინერების გადასაზიდად. „სლავიანინი“ არის მესამე და ბოლო სარკინიგზო ბორანი, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჰყავდა მითითებულ რეგიონში. ჩვენ ვაგრძელებთ მტრის, მისი აღჭურვილობისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას“, – აცხადებენ გენშტაბში.

ინფორმაციისთვის, რუსეთის კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ “კავკაზის” პორტში საბორნე გემზე დრონებით თავდასხმა იყო.

მსგავსი თემები