ერგნეთის 5 საათიანი შეხვედრა დღესაც შეთანხმების გარეშე დასრულდა

დისკუსია კონსენსუსის გარეშე -ერგნეთის შეხვედრა , რომელიც დღეს 5 საათი გაგრძელდა, კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებების მთავარ თემა უკანონო ბორდერიზაცია  და ცხინვალის ციხეში მყოფი ტყვეების  გათავისუფლება იყო.

“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 120-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა  პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე არსებული ჰუმანიტარული პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა  2024 წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა” , – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ოკუპანტების უკანონო პატიმრობაში ამ დროისათვის საქართველოს 8 მოქალაქე რჩება.

მსგავსი თემები