“პუტინი მკვლელია, მაგრამ არა ემოციური, არამედ პრაგმატული” – ზელენსკი

„პუტინს ძალიან უყვარს ძალაუფლება, რაც გასაგებია, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში ის არც თუ ისე ჭკვიანურად გამოიყურება“ – აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მკვლელებზე ვსაუბრობთ. ისინი განსხვავებულები არიან. არიან მასობრივი მკვლელები, არიან ისეთებიც, რომლებიც ემოციურები არიან. და არიან ძალიან პრაგმატულები. მე ვიტყოდი, რომ ის არის პრაგმატული მკვლელი. ანუ ის გასცემს ბრძანებებს, მაგრამ ეს მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს“, – აცხადებს ზელენსკი.

მისივე განცხადებით, უკრაინაში ომის ცხელი ფაზა შესაძლოა მიმდინარე წელს, ოკუპირებული ტერიტორიების „დიპლომატიური გზით“ დაბრუნებით დასრულდეს. როგორც ზელენსკიმ ამავე ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინა ამზადებს შესაბამის გეგმას, რომელსაც შესთავაზებს რუსეთს.

„თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანები და მივყვებით, მაგალითად, სამშვიდობო სამიტის ფორმატს, შეგვიძლია დავასრულოთ ომის ცხელი ეტაპი, შეგვიძლია ვცადოთ ეს მიმდინარე წლის ბოლომდე, გეგმა ნებისმიერ შემთხვევაში მზად იქნება.  მაგრამ ეს გეგმა უნდა იყოს შეთანხმებული პარტნიორებთან, რათა არავინ ითამაშოს ომის დასრულებაზე თავისი ინიციატივებით და შემდეგ პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც განახორციელებენ ზეწოლას რუსეთზე, რათა რუსეთი დათანხმდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე და იფიქროს ომის დასრულებაზე” – აცხადებს პრეზიდენტი.

ზელენსკიმ არ გამორიცხა უშუალოდ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაც.

„მეორე სამშვიდობო სამიტზე, თუ გეგმა სრულად იქნება მომზადებული და თუ რუსეთი მზად იქნება ისაუბროს ამ გეგმის მიხედვით და დათანხმდეს ომის დასრულებას გაერო-ს წესდების შესაბამისად, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვისაუბროთ რუსეთის წარმომადგენლებთან და ეს იქნება პუტინი თუ არ იქნება პუტინი – რა განსხვავებაა? ჩვენ დაველაპარაკებით მათ, ვინც რუსეთში ყველაფერს წყვეტს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები