,,კაიფში” ვიყავი, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს” – 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული

„კაიფში“ ვიყავი, ელემენტარულზე დავიწყეთ. ალბათ, ჩხუბიც იყო, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს”, – ამ სიტყვებით 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს, სოფიკო ყორიაულს მიმართა.

როგორც სასამართლო პროცესზე ექსპერტმა განაცხადა, მას ცინდელიანმა უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იღებდა თრობის სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ალკოჰოლს, ასევე ნარკოტიკს.

მისივე თქმით, ბრალდებულს ახასიათებს აგრესიულობა, ზედაპირული ემოციები, ლიდერის პოზიცია სოციალურ გარემოში. საერთო ჯამში, სპეციალისტის თქმით, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფიზიოლოგიურ აფექტში არ იმყოფებოდა.

მას პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ოთარ ცინდელიანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია წაუკითხა და ჰკითხა, ხომ ნამდვილად ასე განუცხადა მას ბრალდებულმა, რასაც, ექსპერტმა დადებითი პასუხი გასცა.

შეგახსენებთ, რომ ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები