პარლამენტში „საქართველოს გადაცდომათა კოდექსის“ ინიცირება იგეგმება

პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე „საქართველოს გადაცდომათა კოდექსის“ ინიცირება იგეგმება. აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ჩანაცვლდება, რომელიც 1984 წელს მიღებული კანონია.

372-გვერდისგან შემდგარი კანონის პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

ოხანაშვილის ინფორმაციით, საკითხზე, მისი ხელმძღვანელობით კომიტეტში პროფესორები პაატა ტურავა, ირაკლი დვალიძე და ლევან ხარანაული მუშაობდნენ.

“მუშაობის პროცესში მსჯელობა იყო, თუ რომელ დარგს უნდა მიეკუთვნებოდა ახალი კოდექსი – სისხლის სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალს თუ სხვა დამოუკიდებელი დარგს. შევისწავლეთ გერმანული, ავსტრიული და შვეიცარიული გამოცდილება და საბოლოო შევჯერდით იმ ვერსიაზე, რომ ეს უნდა იყოს ცალკე დარგი და ცალკე კოდექსი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, პრაქტიკაში ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებით საკითხების შეჯერების მიზნით, კანონპროექტზე მუშაობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან გაგრძელდება და მისი ინიცირება სექტემბერში მოხდება.

მსგავსი თემები