“გაზაფხულის ფერები” – თბილისის ბავშვთა სურათების გალერეაში შშმ პირების შემოქმედება გამოიფინება

​თბილისში, ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში 25 მაისს, 12:00 საათზე, შშმ პირების მიერ გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ნახატებს, თექაზე, ბისერით, თიხაზე თუ ხეზე შექმნილ ნამუშევრებს, საერთო სახელწოდება – “გაზაფხულის ფერები” გააერთიანებს. მოეწყობა ახალგაზრდა პოეტის, ია ნანეიშვილის ლექსების კრებულის – „ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენთან ერთად ვივლი“ პრეზენტაცია. მის ლექსებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები წაიკითხავენ და საკუთარ ნამუშევრებსაც თავად წარადგენენ.

​ღონისძიებას 50 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მათი ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ, Step byStep“, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით იმართება. დასასრულს მონაწილეებს, თბილისის მერიის დაფინანსებით შეძენილ საჩუქრებსა და საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ მიერ გამოყოფილ ჰიგიენურ საშუალებებს გადასცემენ.​

​როგორც “მთავარს” გამოფენის ორგანიზატორებმა განუცხადეს, საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” უკვე წლებია მხარში უდგას ორგანიზაციას და მისი ღონისძიებების მუდმივი სპონსორია. მსგავსი ღონისძიებები კი ხელს შეუწყობს შშმ პირების შემოქმედებითი შესაძლებლობების საზოგადოებისთვის წარმოჩენას.    

ორგანიზაციის პრეზიდენტი გიორგი ქობალია, თავადაც შშმ პირია და მიაჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია, საქართველოს რეალობაში სერიოზულ პრობლემას წარმოდგენს. ძალიან დაბალია, საზოგადოებრივ აქტივობებში ასეთი პირების ჩართულობის ხარისხი. ხელოვნების დარგებს კი მნიშვნელოვნად დიდი როლის შესრულება შეუძლია, საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისა და შშმ პირების ინტეგრაციის საქმეში.

“ჩვენი მიზანია საინტერესო გავხადოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრება. შევძინოთ ახალი ნაცნობ მეგობრები, დავარწმუნოთ ისინი თავიანთ შესაძლებლობებში. ჩვენმა გამოცდილებამ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია საზოგადოების სამოქალაქო განათლების ამაღლებასა და ინტეგრაციისთვის. ამისთვის ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდია. ემოციები, რომლებიც ერთობლივი შთაბეჭდილების ფონზე იქმნება პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოდგენს მათი ინტეგრაციისთვის. ჩვენი ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს შშმ პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში”, – განუცხადა “მთავარს” გიორგი ქობალიამ. 

მისივე თქმით, თანამედროვე საქართველოში ყოველდღიური რუტინა, მუდმივ სტრესად და უსიამოვნებად იქცა. ხელოვნება კი ყოველთვის იყო მიჩნეული პრობლემების დაძლევის ეფექტიან საშუალებად. მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები ახერხებენ ადამიანებს სიამოვნება მიანიჭონ. ამ ხალხის შემადგენლობაში კი იშვიათად არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ისინი მოკლებულნი არიან საინტერესო ურთიერთობებს. 

​აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, „ნაბიჯ-ნაბიჯ, Step byStep“ ოფიციალურად 2011-წლის დეკემბერში დარეგისტრირდა, თუმცა, ორგანიზაციის დამფუძნებლები და საბჭოს წევრები, შშმ პირთა პრობლემებზე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, 2003 წლიდან მუშაობდნენ.

ორგანიზაციის მიზანია დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მოზარდებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ხელი შეუწყოს მათ ფიზიკურ, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ შშმ ადამიანების პრობლემებზე.

ორგანიზაციის პრეზიდენტი გიორგი ქობალია, 2002 წელს პოსტვაქცინალური გართულების გამო დაავადდა  ენცეფალომიელიტით, რამაც თავის მხრივ განაპირობა ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვა. გიორგი 28 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა შეძლო და ღესდღეობით, თავის გამოცდილებას უზიარებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.

2012-2013წლებში ორგანიზაცია იყო აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში ჩატარებული ადამიანთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ორგანიზაციას მემორანდუმი აქვს გაფორმებული ამერიკის საზაფხულო ბანაკთან The Centerfor Courageous Kids, Scottsville, KY და საქართველოდან ყოველწლიურად გზავნის შშმ მოზარდებს, მშობლებთან ერთად. ცხოვრების და რეაბილიტაციის ხარჯებს ამერიკული მხარე აფინანსებს, ხოლო მგზავრობის ხარჯს – ოჯახი.

 

მსგავსი თემები