სარფში საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე, სარფის საზღვარზე ერთი უცხო ქვეყნის და ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 1 და საქართველოს 1 მოქალაქე – 1981 წ. დაბადებული თ.ე და 1986წ. დაბადებული მ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი”, – წერია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები