“სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით”- პრემიერი

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, გამოიკვეთა საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ რომ ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით და ზოგადად სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით“- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასრულდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, სადაც ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა.

„დისკუსიებში მონაწილეობდნენ პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან. ზოგადად იყო ძალიან საინტერესო ფორმატი. მე მქონდა სიტყვით გამოსვლის საშუალება ენერგეტიკული დაკავშირებადობის თემაზე, რაც იყო ამ სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, გამოიკვეთა საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ რომ ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით და ზოგადად სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით.

ჩვენ გვქონდა ასევე საშუალება, რომ გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები, გავსაუბრებოდით ჩვენს კოლეგებს, პრეზიდენტებს, პრემიერებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან შესაბამისად, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი, რათა გაგვეზიარებინა ის გზავნილები, რაც უკავშირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

 

 

მსგავსი თემები