,,პუტინმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს, ვერ დაყო ევროპა” – ზელენსკი

ვუდსტოკში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება. 50 ევროპული სახელმწიფოს ლიდერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი მასპინძლობს. სამიტზე განსახილველ საკითხებს შორისაა ომი და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ასევე არალეგალური მიგრაცია. სამიტზე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტიც.

,,ჩვენ მივაღწიეთ ევროპაში ერთიანობას და ვმოქმედებთ ერთად, რაც ნიშნავს, რომ პუტინმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს – მან ვერ დაყო ევროპა. ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ერთობას და მივაღწევთ ხანგრძლივ მშვიდობას.

პუტინი ვერ ამყარებს ურთიერთობებს ჭეშმარიტად ძლიერ ლიდერებთან და ეს არის ჩვენი უპირატესობა, მაგრამ ეს უპირატესობა არსებობს მხოლოდ მანამ, სანამ ჩვენ ერთიანები ვართ. ის შეიძლება შეეცადოს, რომ დაელაპარაკოს რომელიმე კონკრეტულ ლიდერს, შეეცადოს, რომ დააშანტაჟოს ის, რათა ამ ერთმა უღალატოს სხვებს და ამით დასუსტდეს ჩვენი ერთიანობა.

დიახ, ყველა თავად აკეთებს არჩევანს, თუ როგორი მემკვიდრეობა უნდა დატოვოს, მაგრამ თუ ვიღაც ევროპაში ცდილობს მოაგვაროს საკითხები სხვების ზურგს უკან, თუ ვინმეს სურს, რომ ჩავიდეს ომის დედაქალაქში და იქ ილაპარაკოს საკითხების მოგვარებაზე უკრაინის ინტერესების ხარჯზე, მაშინ რატომ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ამ ადამიანის ინტერესები? გამოდის, რომ ევროკავშირსაც და ნატოსაც შეუძლიათ მოაგვარონ საკუთარი საკითხები ამ ერთი პიროვნების გარეშე,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა თქვა, რომ უკრაინა არა მხოლოდ მისი ხალხისთვის, არამედ ევროპელი ხალხისთვისაც იბრძვის. მისი განცხადებით, რუსული საფრთხე ევროპის საზღვრებს მიადგა და ბევრმა ქვეყანამ დაინახა თავდასხმა მის დემოკრატიაზე.

მსგავსი თემები