„ჩემი ქცევისთვის 500 ლარი რომ ჩამომაჭრან, დიდი სირცხვილია, მირჩევნია, მიწა გამისკდეს“ – სიმონ ნოზაძე

ეთიკური ნორმებიც დამრღვევის დეპუტატებისთვის გარკვეული სადამსჯელო სანქციების შემოღება პარლამენტის დღის წესრიგში არაერთხელ დადგა. ამჯერად, საბოლოო გადაწყვეტილება ეთიკის საბჭომ უნდა მიიღოს და მოჩხუბარ თუ მაგინებელ დეპუტატებს ისეთი სანქცია დაუწესოს, რომ კოლეგის შეურაცხყოფა და კუნთების მოსინჯვა ვერ გაბედოს. დეპუტატთა უმრავლესობა კოლეგების მხრიდან უღირს საქციელს არ იწონებს და ამბობს, რომ შეურაცხყოფა და ლანძღვა-გინება კატეგორიულად მიუღებელია.

როგორც დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, სანქციები საჭიროა.

„ის, რაც არც თუ ისე იშვიათად ხდება პარლამენტში, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მიუღებელია სიძულვილის ენა, რომელიც არამარტო ოპოზიციის მხრიდან მოდის. სტუდენტური პარლამენტის წევრებს სწორედ ამას ვეუბნები, რომ უნდა გამონახოთ საერთო ენა, გქონდეთ დისკუსია, კამათი და არა შეურაცხყოფა. მიუღებელია, როცა გამოდის მოწიფული მანდილოსანი და მეორე მანდილოსანს ეძახის უნამუსოს, უსინდისოს. თანამშრომელს რამე რომ შეეშალოს მას უსინდისოს და უნამუსოს ეტყვით? ამას ვინ აპარატებს თანამშრომელს. ან დირექტორმა მასწავლებელს რომ უსინდისო ეძახოს, არავინ შეარჩენს“ – განუცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე თქმით, პარლამენტში დეპუტატები ხშირად აგვიანებდნენ და ზოგიერთი საერთოდაც არ დადიოდა, თუმცა, ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, აღარავინ აგვიანებს.

„იმოქმედა ამ სანქციამ. სანქცია ამართლებს. მე, შეიძლება, ძალიან მწვავე შეფასება მივცე, რომელიმე ჩემი მეგობრის ან პოლიტიკური ოპონენტის გამოსვლას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შეურაცხყოფას არ მივაყენებ. რაც შეეხება უცხოეთში მივლინების აკრძალვას, ეს არ მგონია სწორი იყოს რადგანაც, მივლინება ფუფუნება არ არის. როცა რომელიმე ოპოზიციური პარტიიდან აუცილებელია მივლინებაში წასვლა, ის უნდა წავიდეს. ხელფასის ნაწილში კი უფრო გაამართლებს სანქცია. არიან დეპუტატები, 2 500 – 3 000 ლარი დიდი არაფერია, მაგრამ, მთავარია საზოგადოებრივი აზრი. საზოგადოებრივი აზრი უნდა შეიქნას და მათთვის უნდა გახდეს ცნობილი ეთიკის კომისიის დადგენილება და გადაწყვეტილება. სანქცია აუცილებლად უნდა არსებობდეს. ფინანსური სანქცია შეიძლება უბრალოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებდეს. მაგალითად, 50 ლარი არ იქნება ეფექტური, მაგრამ, 500 ლარი კი პრობლემა იქნება. მე რომ ჩემი ქცევისთვის 500 ლარი ჩამომაჭრან, ეს დიდი სირცხვილი იქნება და მირჩევნია, მიწა გამისკდეს. აი, ეს იქნება ყველაზე დიდი სანქცია, რომ შენი ცუდი ქცევა სამაგალითო და სამსჯელო იქნება,“ – განუცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები