,,ტრამპის მკვლელობის მიზნით ირანის შეთქმულების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაუსაბუთებელი და მზაკვრულია” – გაეროში ირანის მისია

გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ უარყო დონალდ ტრამპის მკვლელობის მიზნით ირანის შეთქმულების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

„ეს ბრალდებები დაუსაბუთებელი და მზაკვრულია. ირანის გადმოსახედიდან, ტრამპი არის დამნაშავე, რომელიც სასამართლოში უნდა დაისაჯოს გენერალ სოლეიმანის მკვლელობის ბრძანების გაცემისთვის. ირანმა კანონიერი გზა აირჩია მისი პასუხისგებაში მიცემისთვის“, – ნათქვამია ირანის დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

მანამდე ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა სადაზვერვო ინფორმაცია მიიღეს ირანის მიერ დონალდ ტრამპის მკვლელობის მიზნით შეთქმულების შესახებ.

აღნიშნული ინფორმაციის გამო, საიდუმლო სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის გარშემო უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

ტელეკომპანია CNN-ი აღნიშნავს, არ არსებობს იმის მინიშნება, რომ თომას მეთიუ კრუკსი, რომელმაც შაბათს ყოფილი პრეზიდენტის მოკვლა სცადა, შეთქმულებასთან იყო დაკავშირებული.

საფრთხის შესახებ ინფორმაციის არსებობა ახალ კითხვებს ბადებს ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ საიდუმლო სამსახურმა და ტრამპის კამპანიამ საფრთხის შესახებ შაბათის მიტინგამდე იცოდნენ.

მსგავსი თემები