ტერორიზმში, კონსტიტუციური წყობილების, უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისთვის პაემნის, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა იგეგმება

ტერორიზმში, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისთვის ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის, ასევე მიმოწერის და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები პენიტენციურ კოდექსში შედის და მოქმედ კანონმდებლობას ახალი მუხლი ემატება.

ინიციატორები განმარტავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი უფლებების შეზღუდვის საკითხები მოწესრიგებულია იმ შემთხვევებში, როდესაც ამ უფლებების შეზღუდვა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად არის აუცილებელი, მაგრამ „არ არის დარეგულირებული ისეთი შემთხვევები, როდესაც ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის შესაბამისი უფლებების შეზღუდვის საჭიროება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნიდან შეიძლება გამომდინარეობდეს“.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, „სისხლის სამართლის კოდექსის“ XXXVII თავით (დანაშაული საქართველოსკონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ) და XXXVIII თავით (ტერორიზმი) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის, სატელეფონო საუბრის, ხანმოკლე პაემნის, ხანგრძლივი პაემნის, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. მსჯავრდებულს ასევე შეიძლება შეეზღუდოს ვიდეოპაემნის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება.

ქალ მსჯავრდებულს აღნიშნული უფლებების გარდა, ასევე შეიძლება შეეზღუდოს საოჯახო პაემნის უფლება. აღნიშნული უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ინფორმაცია ისეთი ფორმით უნდა მიაწოდოს, ამასთანავე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა თავის გადაწყვეტილებაში ინფორმაცია იმ ფორმით უნდა ასახოს, რომ სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს ზიანი არ მიადგეს. შესაბამისი მუხლებით ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს უფლებები შეიძლება სამ თვემდე ვადით შეეზღუდოს. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, შეზღუდვა უქმდება.

ამასთან, ინიცირებული კანონპროექტი უფლებების შეზღუდვის ვადის გაგრძელების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილი იქნება უფლებები იმდენჯერ შეზღუდოს, რამდენჯერაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს. ამ შემთხვევაში, აღნიშნული უფლებები თითოეულ ჯერზე შეიძლება სამ თვემდე ვადით შეიზღუდოს.

კანონპროექტით ასევე დადგენილია უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვის ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ ის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, რის გამოც ბრალდებულსა თუ მსჯავრდებულს უფლებები შეეზღუდა. პროექტის თანახმად, ასეთ შემთხვევაში, ბრალდებულის, მსჯავრდებულის უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

მსგავსი თემები